ხმაური იყო დღეს ქალაქ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზარში. მოვაჭრეები ყოველდღიური საიჯარო გადასახადის გაზრდას აპროტესტებდნენ.
ადმინისტრაცია ცვლილების ამოქმედებას პირველი დეკემბრიდან გეგმავდა და საფასურის ზრდას დასუფთავების, კომუნალური და დაცვის მომსახურების გადასახადს უკავშირებდა, თუმცა ამ მომსახურებისთვის მოვაჭრეები უკვე წლებია ყოველდღიურად იხდიან გადასახადს.
შეკითხვები ბაზრის ადმინისტრაციასთან დღეს ქალაქ რუსთავის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარესაც გაუჩნდა. მათი განმარტებით, ქალაქის ხელმძღვანელობას არც კომუნალური და არც დასუფთავების მომსახურების ტარიფი არ გაუზრდია, ამიტომ გაუგებარია საიდან გაჩნდა გადასახადის მომატების აუცილებლობა.
შეხვედრა ბაზრის ადმინისტრაციას, მოვაჭრეებსა და ქალაქის ხელმძღვანელობას შორის რუსთავის საკრებულოში კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა.