Iphone+ის თანამშრომლებმა, ნიღბებით შემოსილებმა და სათამაშო იარაღებით ვიდეორგოლი გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ვიდეო არაბულენოვანია და წარწერით -IPLUSIS, იწყება.
არაბულ ენაზე საუბრის პარალელურად ვიდეოს სუბტიტრები ქართულ ენაზე დაჰყვება, სადაც კომპანია კონკურენტებს ემუქრება და ამცნობს, რომ ისინი მალე კომპანია Apple-თან ხელშეკრულებას გააფორმებენ.
ვიდეოს სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა, რის შემდეგაც კომპანიის ხელმძღვანელებმა განმარტებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ სარეკლამო რგოლს მარკეტინგული გათვლა აქვს და კომპანია ამავე ვიდეორგოლით ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტების შეფასებით, კომპანიამ სარეკლამო რგოლით 13 ნოემბერს პარიზის ტერაქტებისას გარდაცვლილთა ღირსება შეურაცხყო. მათ მიაჩნიათ, რომ მარკეტინგული ხრიკი კოპანიის სამომავლო საქმიანობაზე ცუდად აისახება.
35-წამიან ვიდეორგოლს უკვე რამდენიმე ათასი ნახვა აქვს, რაც კომპანიის წარმომადგენლების მარკეტინგულ გათვლას ამართლებს. თუმცა, რამდენად შეურაცხყოფს ვიდეორგოლი რელიგიურ გრძნობებს ან ტერაქტებისას გარდაცვლილთა ხსოვნას, ეს თემები დავის საგანი თბილისში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი