20 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
სახელმწიფო უსართხოების სამსახურმა ISIS-ის ქართველი მებრძოლების მიერ გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დღეს გავრცელებულ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეოებზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ამ დრომდე ეს არის ერთადერთი განცხადება, რასაც ოფიციალური სტრუქტურები ამ საკითხზე აკეთებენ.

ისლამური სახელმწიფოს ქართველი წევრების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე ძალოვან უწყებებს რეკომენდაციებს აძლევენ ექსპერტები. სპეციალისტები კომპექსური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი კი აცხადებს, რომ 12 წუთიანი ვიდეომიმართვა უფრო გაფრთხილებაა ვიდრე მუქარა. მისი თქმით ტერორისტების სამიზნე არა საქართველო, არამედ კონკრეტული პიროვნებები არიან.

ისლამური სახელმწიფოს მიერ გამოგზავნილი მუქარის და ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიურ მუშაობაზე საუბრობენ ქართულ ოცნებაში. მმართველი ძალა მოსახლეობას მოუწოდებს ნუ აყვებიან ტერორისტების პროვოკაციას.

12 წუთიანი ვიდეომიმართვის ნახვის შემდეგ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები უნდა გაამკაცროს.

ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები ტერორისტული საფრთხის თავიდან ასაცილებლად საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ.

ავტორი: დავით კაკულია. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები