რუსთავი2-მა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინება დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე გაასაჩივრა. სარჩელს თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს 13 ნოემბრის ის გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნის ნორმები შეჩერებულია. თუმცა, თამაზ ურთმელიძემ საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმე სააპელაციო სასამართლოში გადააგზავნა.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თამაზ ურთმელიძე რუსთავი2-ის საქმეზე გავიდა სამართლებრივი სივრციდან. ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მან დანაშაულებების ჩადენაც დაიწყო, ვინაიდან საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა არის დანაშაულის ჩადენა. თამაზ ურთმელიძე ვალდებული იყო, დამორჩილებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რადგან სახეზე გვაქვს შემთხვევა, როდესაც მოსამართლე ურთმელიძე ყალიბდება კრიმინალად,“ - აცხადებს რუსთავი2-ის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.
რუსთავი2-ის ადვოკატების განცხადებით, ხელისუფლება პროცესებში ჩარევას აგრძელებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს 7 მოსამართლე საქართველოს სხვადსხვა რაიონის სასამართლოებიდან ჩამოიყვანეს და სააპელაციო სასამართლოში ყოველგვარი კონკურსის გარეშე დანიშნეს.
რუსთავი2-ის ადვოკატების მტკიცებით, ამ მოსამართლეებს შორის არიან ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ხელისუფლებისადმი სასარგებლო გადაწყვეტილებებით არიან ცნობილები.
„იქმნება სპეციალურად იმ მოსამართლეების წრე, რომლებიც სავარაუდოდ განიხილავენ რუსთავი2-ის საქმეს სააპელაციო ეტაპზე და "ურთმელიძისეული რაზმეულის" შეკრება ხდება. ეს არიან მოსამართლეები, რომლებსაც ამა თუ იმ დროს გამოტანილი აქვთ გადაწყვეტილებები ხელისუფლების საამებლად და გვაქვს ეჭვი, რომ მათ რუსთავი2-ის საქმის განხილვის შემთხვევაში კონკრეტული დავალება ექნებათ,“ - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი