საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფერიცვალების სახელობის ტაძარში საკვირაო ქადაგება გამართა. ილია მეორემ მამა გაბრიელის შესახებ ისაუბრა.
"მამა გაბრიელმა გამოიჩინა საოცარი თვისებები. ზოგს ესმოდა, ზოგს არ ესმოდა მისი. ის მაინც ღვთის საქმეს აკეთებდა. მამა გაბრიელმა იმ დროს დაიწყო მოღვაწეობა, როდესაც სასულიერო პირები, ეკლესია იდევნებოდა, მაგრამ ის მაინც ლოცულობდა. ზოგს ამხელდა, ზოგს აქებდა, მაგრამ შინაგანად ის მუდამ იყო უფალთან და უფალი იყო მასთან და აი ჩვენ დღეს შევასრულეთ წირვა და უნდა დავასვენოთ ახალ ლუსკუმაში. ჩვენ შევთხოვთ უფალს ლოცვა-კურთხევას და შეწევნა არ მოაკლოს საქართველოს მამა გაბრიელის ლოცვებით,"- აღნიშნა პატრიარქმა.
ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძარში პარაკლისი შესრულდა, რომლის შემდეგაც წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილები ლუსკუმით შეაბრძანეს ფერიცვალების სახელობის ტაძრის საკურთხეველში, შემდეგ კი მისთვის განკუთვნილ ახალ ადგილზე, ქვის სარკოფაგზე დაასვენეს. სარკოფაგი მოწყობილია ტაძრის მარცხენა მხარეს. იგი აქ იქნება დასვენებული მორწმუნეებისათვის მოსალოცად.
2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მას წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი უწოდა.