მოსამართლე ურთმელიძის მიერ დანიშნული დროებითი მმართველები რუსთავი 2-ის საქმიანობაში ვეღარ ჩაერთვებიან. სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ურთმელიძის განჩინება გააუქმა. რუსთავი 2-ის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე გავლენა საკონსტიტუციო სასამართლომ იქონია.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება დავით დვალთან დაკავშირებით. 12 ნოემბრის განჩინებით ურთმელიძემ თავად შეცვალა დვალთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და ის დროებითი მმართველებიდან ამოიღო. დავით დვალი კურიერთან კომენტარს არ აკეთებს.
რუსთავი 2-ის იურისტებს დღეს სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი განჩინება ჩაბარდათ. ამ შემთხვევაში საქმე უკვე კომპანიისთვის დადებულ ყადაღას ეხება. მოსამართლეთა კოლეგიამ ურთმელიძის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და კომპანიას აპარატურის გაქირავების უფლება მისცა.
სააპელციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აპროტესტებს ქიბარ ხალვაშის იურისტი. პაატა სალიას განცხადებით მათთვის მნიშვნელოვანია, რომ დავის დასრულებამდე არ მოხდეს კომპანიის გასხვისება.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.