08 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან თურქეთს რაკეტებს უმიზნებს

რუსული ბალისტიკური რაკეტები ჯავის რაიონში ერთი კვირის წინ გამოჩნდა. ისკანდერ ემ-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსის ოკუპირებულ რეგიონში შეყვანა მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის უწყებამაც დაადასტურა.

ბალისტიკური რაკეტების საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩენამ დასავლურ მედიაში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

ამერიკის ხმა პირველი გამოცემა იყო, ვინც ამ თემაზე ვრცელი მასალა მოამზადა.

სტატიაში მოყვანილია პენტაგონის წარმომადგენლის განცხადება, რომელიც მოსკოვს რეგიონში სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებს. 

რუსული ბალისტიკური რაკეტების ოკუპირებულ რეგიონში განთავსებას საქართველოს თავდაცვის უწყება ადასტურებს.

გენერალური შტაბის უფროსი აცხადებს, რომ საფრთხე რეალურია. თუმცა, ვახტანგ კაპანაძის აზრით, რუსული ისკანდერების სამიზნე არა საქართველო, არამედ რეგიონის სხვა ქვეყანაა.

ისკანდერ ემ-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები რუსეთის არსენალში ერთ-ერთი ყველაზე შორს მოქმედი და ძლიერი იარაღია. მისი ფრენის სიშორე 500 კილომეტრს შეადგენს. მსგავსი ტიპის შეიარაღება რუსეთმა პირველად საქართველოს წინააღმდეგ ომში გამოიყენა, როდესაც ამ რაკეტებით გორი, ფოთი, ვაზიანის სამხედრო აეროდრომი და ონის რაიონი დაბომბა. გორში კასეტური ჭურვებით აღჭურვილი რაკეტა ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა, რასაც ჰოლანდიელი ოპერატორის სიცოცხლე და რამდენიმე მოქალაქე ემსხვერპლა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განმარტებით, რუსული ბალისტიკლური რაკეტების შესახებ ინფორმაცია მან რამდენიმე წყაროსგან მიიღო და განაცხადა, რომ ეს არამხოლოდ საქართველოს არამედ რეგიონალური მასშტაბის პრობლემაა.

მიუხედავად ოფიციალური თბილისის და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი განცხადებისა, მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ყოველწლიურად ახალი ტიპის შეიარაღებას ათავსებს, რომლებიც საფრთხეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს უქმნის. 

 

 

ავტორი: დავით კაკულია

 

დღის ამბები