08 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
ნიუ იორკში საახალწლო ღონისძიებები ტრადიციულად თაიმ სკვერზე კანფეტების გადმოყრით დაიწყება

წელს თაიმ სკვერის ყველა მაღალი შენობიდან დაახლოებით ტონამდე კანფეტების გადმოყრიან. 31 დეკემბრის ღამეს კი თაიმ სკვერზე 2016 წლის დადგომას ბროლის გიგანტური ბურთის დაშვებით 2 მილიონამდე ადამიანი ერთად იზეიმებს.

საახალწლოდ ემზადებიან კალიფორნიის ქალაქ პასადენაში, სადაც ტრადიციული ვარდების აღლუმი გაიმართება. ქალაქის მთავარ ქუჩაზე კოსტუმირებული მოზეიმეები ყვავილებით და საზეიმო დეკორაციებით გაფორმებული მოძრავი პოდიუმებით ასოცდამეშვიდეჯერ ჩაივლიან. წინა წლებისგან განსხვავებით ამჯერად აღლუმი მრავალრიცხოვანი სამართალდამცველების თანდასწრებით ჩატარდება. მიზეზი რამდენიმე კვირის წინ სან ბერნანდინოში მომხდარი ტერაქტია.

2016 წლის დადგომას რიოს კოპაკაბანას სანაპიროზე ორ მილიონზე მეტი ადამიანი იზეიმებს. ბარჟებზე უკვე დაიწყეს პიროტექნიკის მონტაჟი. წელს 16-წუთიანი ფოიერვერკისთვის 24 ტონა მასალა დაიხარჯება.

პერუელმა შამანებმა კი 2016 წლის მოვლენები იწინასწარმეტყველეს. მათი რიტუალის დროს მთელი ყურადღება მსოფლიო ლიდერების და პოლიტიკოსების ფოტოებზე იყო გადატანილი, რომელთა შორის დონალდ ტრამპის სურათიც ფიგურირებდა. შამანების პროგნოზით, ის ახლოს იქნება გამარჯვებასთან, მაგრამ ამერიკელების პრეზიდენტი ვერ გახდება.

პერუ დედამიწის მეორე ნახევარსფეროზე ერთ–ერთი ბოლო ქვეყანა იქნება, რომელიც ახალი წლის დადგომას იზეიმებს. პირველები კი 2016 წელს ავსტრალიელები და ახალ ზელანდიელები შეეგებებიან.

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები