08 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
საახალწლო სამზადისი მსოფლიოში

ახალი წლის დადგომას პირველად სამოაში, კირიბატსა და ახალ ზელანდიაში, დაახლოებით, 6 საათში იზეიმებენ. ამ წუთებში ბოლო სამზადისია სიდნეიში, სადაც შოუ საღამოს 9 საათიდან დაიწყება, კულმინაციას კი ზუსტად 12-ზე მიაღწევს, როცა ნავსადგურის ხიდიდან 23 ათასი ფოერვერკი გაეშვება.

ახალ წელს, ტრადიციულად, პომპეზურად შეხვდება დუბაიც, სადაც ორგანიზატორები ყველაზე მაღალი შენობიდან ბურჯ ხალიფადან ფოერვერკს გაუშვებენ - გამოიყენებენ ლაზერულ შოუსა და 3D გამოსახულებებს.

ევროპა კი პარიზის ტერაქტების შემდეგ წელს საახალწლოდ უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებზეა გადასული. პარიზში უსაფრთხოებას ამაღამ 11 ათასი პოლიციელი დაიცავს. ფოერვერკების ნაცვლად კი ქალაქში სინათლეების შოუ მოეწყობა, რომლის ხანგრძლივობაც წელს შეამცირეს. სპეციალურად ამ ღამისთვის, საზეიმოდ განათდება ეიფელის კოშკიც.

ლონდონში კი საახალწლოდ უსაფრთხოების დაცვის მიზნით სკოტლენდ იარდმა შვებულებები გააუქმა და თანამშრომლების სრული მობილიზაცია გამოაცხადა. უკვე გაყიდულია ყველა ბილეთი შუაღამის ღონისძიებაზე, რომლის დროსაც ლონდონის თვალიდან ფოერვერკებს 10 წუთის განმავლობაში უწყვეტად გაუშვებენ.

ბერლინში კი მილიონამდე ადამიანი ბრანდერბურგის კარიბჭესთან შეიკრიბება, სადაც უკვე გაშლილია კარვები და ღამის ლაზერული შოუსთვის ემზადებიან. პოლიციამ საფესტივალო ზონაში უსაფრთხოების მიზნით შუშის ბოთლების, ჩანთებისა და სხვა საეჭვო ნივთების ტარება აკრძალა.

ტრადიციულად, განსაკუთრებული სამზადისია ნიუ იორკში, Times Square-ზე, სადაც ზუსტად ღამის 12 საათზე ბროლის ბურთი დაეშვება. ამ მოვლენას 2 მილიონამდე ადამიანი მიადევნებს თვალს. დაახლოებით ამდენივე ადამიანი დაესწრება 2016 წლის დადგომას რიოს კოპაკაბანას სანაპიროზე, სადაც 16 წუთიანი ფოიერვერკისთვის 24 ტონა მასალა დაიხარჯება.

2016 წლის აღნიშვნა ამერიკის კონტინენტთან, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულებზე დასრულდება, რის შემდეგაც პლანეტა ახალი, ამჯერად 366 დღის ათვლას დაიწყებს.

დღის ამბები