09 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
პუტინი საერთაშორისო საზოგადოებას აკრიტიკებს და მკაცრ გაფრთხილებას აძლევს

ვლადიმერ პუტინმა ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთისთვის მიერთება გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად დაასახელა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ ნაბიჯით ისტორიული სამართალი აღადგინა.

რუსეთის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ მისთვის ამ მოვლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„იქ ჩვენები ცხოვრობენ, ისტორიული წინაპრები. იმ მიწაზე მოინათლა თავადი ვლადიმირი და აქედან დაიწყო დიდი რუსეთის გაქრისტიანება. სწორედ ეს სულიერი საფუძველი გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ყირიმს საკრალური მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ზუსტად ისევე, როგორც ტაძრის მთაა იერუსალიმში,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ქვეყნის დანგრევაში დასავლეთია დამნაშავე. პუტინის თქმით, არ შეიძლება მხარი დაუჭირო ხელისუფლების შეიარაღებული გზით ხელში ჩაგდებას, ძალადობას, მკვლელობას და თან ფარისევლურად ილაპარაკო საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე.

რუსეთის ლიდერი ირწმუნება, რომ პატივს სცემს ყველა სუვერენული ქვეყნის უფლებას თავისუფლად განსაზღვროს თავისი მომავალი და ამბობს, რომ მეზობლებთან ურთიერთობების აგებაში მას დასავლეთი უშლის ხელს.

პუტინმა აღიარა, რომ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა და ამის ნათელი მაგალითი რუბლის გაუფასურებაა. იგი ირწმუნება, რომ სანქციების რეალური მიზეზი არა უკრაინა, არამედ რუსეთის გაძლიერება გახდა. იგი ასევე რუსეთის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სიტუაცია ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდება. მოსალოდნელ რეცესიას რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთის სანქციებს აბრალებს.

საკუთარი მოსახლეობის პარალელურად, მან გაფრთხილება საერთაშორისო საზოგადოებასაც მისცა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ძალის პოზიციიდან ლაპარაკი ყოველთვის უშედეგო იქნება.

ათას 100 მიწვეული სტუმრის გასაგონად რუსეთის პრეზიდენტმა გლობალურ უსაფრთხოებაში ვაშინგტონის უარყოფით როლზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ევროპისთვისაც სახიფათოა. მიუხედავად ამისა, ვლადიმერ პუტინი პირობას დებს, რომ გამალებული შეიარაღებაში არ ჩაერთვება, თუმცა რუსეთის თავდაცვისუნარიანობას მაინც გააძლიერებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები