სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის მიერ გაგზავნილ შეკითხვებზე ტელეკომპანიას პასუხი გამოუგზავნა. განცხადებაში მოთხოვნილი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენჯერ მოხდა გადაწყვეტილების ფოსტის მეშვეობით გაგზავნა.
კერძოდ, რუსთავი 2-ს აინტერესებდა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში რამდენ საქმეზე განხორციელდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მხარეთათვის გაგზავნა, ვინც არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს (სოციალურად დაუცველი, პატიმრობაში მყოფი). რუსთავი 2 საქმეებზე მხარეთათვის გაგზავნილი დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლებს პერსონალური ინფორმაციის დაცვით ითხოვდა.
სამაუწყებლო კომპანიის იურისტებს ასევე აინტერესებდათ, რამდენ საქმეზე განხორციელდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20 დღის გასვლამდე პერიოდში.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს მსგავსი სახით მონაცემების დამუშავებას არ ახორციელებს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სამაუწყებლო კომპანიისთვის განჩინების გაგზავნა მოსამართლის თანაშემწის მიმართვის საფუძველზე განხორციელდა.
რუსთავი 2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განცხადება არადამაკმაყოფილებელია. იურისტი ასევე აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-მა დასმულ შეკითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.