რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ მიმართვას, სადაც სამოქალაქო სექტორი უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს წარმოებაში მიიღოს რუსთავი 2-ის საქმე, მმართველი გუნდი ეხმაურება.
თუმცა, კომენტარის გაკეთება ქართული ოცნების მხოლოდ რამდენიმე წევრმა ისურვა. საპარლამენტო უმრავლესობა ტელეკომპანიის საქმეში პოლიტიკურ შემადგენელს ვერ ხედავს.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და რუსთავი 2-ს მხოლოდ კერძო დავა აქვს.
„დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიმართვები, საკითხების დაყენება, გლობალურად ამ საკითხის განხილვა არის დამახასიათებელი და კარგია, რომ საქართველოშიც ეს ხდება. სასამართლო არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას,“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
განცხადება რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა ქართული ოცნების კიდევ ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა. დეპუტატმა რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა და იურისტები საქმისთვის პოლიტიკური დატვირთვის მიცემაში დაადანაშაულა.
„შინაარსი როდესაც არ იცის პატიოსანმა იურისტმა, ისე შეფასება არ უდნა გააკეთოს. თუ სისულელე უწერიათ, რა თქმა უნდა, არ უნდა მიიღონ და თუ დასაბუთებულია მოთხოვნა, რა თქმა უნდა, უნდა მიიღონ. ყველა ასეთ რაღაცას ესენი იყენებენ სათავისოდ. გამოდიან და ყვირიან პოლიტიკოსები ჩართულები არიან, ეს არის მთელი მათი მიზანი, რომ რამენაირად ჩაგვითრიონ ამ პარტნიორების დავაში,“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.