ცნობს თუ არა დასაშვებად უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის ადვოკატების სასარჩელო განაცხადს? ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
"მე არ ვარ სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე, მე ვარ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ამ კითხვაზე პასუხს ნამდვილად ვერ მოგცემთ. რამდენი კითხვაც არ უნდა მომცეთ, ამ საკითხებზე პასუხს არ მოგცემთ. თქვენ იცით, რომ საქმე წამოვა უზენაეს სასამართლოში და მე არ მაქვს უფლება რაიმე კომენტარი გავაკეთო საქმესთან დაკავშირებით. ეს არაფერს ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ მე არ მაქვს კომენტარის უფლება,“ - აცხადებს ნინო გვენეტაძე.
შეფასებებისგან თავს იკავებს ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
"საქმე არის უზენაეს სასამართლოში და ჩემი კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით არ იქნება სწორი და რელევანტური. ამიტომ, დაველოდოთ უზენაეს სასამართლოს, ის მოსამართლეები, ვისაც დაეწერება აღნიშნული საქმე, მიიღებენ გადაწყვეტილებას," - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
ორი დღის წინ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა არხის თანამშრომლებთან ერთად, უზენაეს სასმართლოს საგანგებო განცხადებით, მიმართა ტელეკომპანიის საქმის წარმოებაში მიღების თხოვნით.
გუშინ კი უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს სამოქალაქო სექტორის მიმართვა გაეგზავნათ. ისინი უმაღლეს სასამართლო ხელისუფლებას, რუსთავი 2-ის საქმის განხილვისკენ მოუწოდებენ.
რუსთავი 2-ის სარჩელის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს სამ თვიანი ვადა აქვს.