07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ერდოღანის და პუტინის შეხვედრა კონსტანტინეს სასახლეში

ვლადიმერ პუტინმა თურქი კოლეგა კონსტანტინეს სასახლეში მიიღო. მედია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა პრეზიდენტების პირველ მისალმებას. ეს იყო რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ და პირველი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი გახდა.

პირისპირ შეხვედრა 2 საათი გაგრძელდა. შეთანხმებაც მიღწეულია. რუსეთი ბომბდამშენის ჩამოგდების გამო დაწესებულ სანქციებს თურქეთს ეტაპობრივად მოუხსნის. განახლდება შეჩერებული პროექტები და ჩარტერული რეისები, რომელიც დეკემბრიდან შეჩერებულია.

ვლადიმერ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრა დასავლეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე გაიმართა. ევროკავშირი და შეერთებული შტატები ოფიციალურ ანკარას ამბოხების შემდეგ განხორციელებული მასობრივი დაკავებების გამო აკრიტიკებენ. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას კი სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენის საკითხი იწვევს, რაც თურქეთის ხელისუფლებაში აქტიურად განიხილება.

 

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე

დღის ამბები