07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
უკრაინის საზღვართან რუსეთი სამხედრო წვრთნებს იწყებს და უახლეს საბრძოლო ტექნიკას ანთავსებს

მომავალ კვირას მოსკოვი ყირიმში სამხედრო სწავლებების ჩატარებას აპირებს. სწავლება კავკასია 2016 ის ძირითადი ეტაპი 5-დან 10 სექტემბრამდე იგეგმება. რუსეთმა ყირიმში ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა ეს-400 გაგზავნა.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს-400 ტიპის სისტემების მიწოდება წინასწარ იყო დაგეგმილი და ყირიმის ბოლოდროინდელ მოვლენებს არ უკავშირდება. მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად კი უკრაინამ ყირიმის საზღვართან ტერორისტული საფრთხის დონე გაზარდა.

რუსეთმა სამხედრო ძალების მობილიზება უკრაინის საზღვართან ჯერ კიდევ მაისის ბოლოს დაიწყო. მაშინ რუსეთის არმიამ უკრაინის საზღვართან დამატებით გაგზავნა სამხედროების დიდი რაოდენობა და ასობით მძიმე სამხედრო ტექნიკა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეიარაღება მოიცავდა მობილურ ნაღმსატყორცნებს, ტანკებს და არტილერიას.

როგორც უკრაინული მხარე იუწყება, შეიარაღება და სამხედროები ჯერ კიდევ მაისის ბოლოს მიიყვანეს სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფი ლუგანსკის რეგიონიდან 50-მდე კილომეტრის მოშორებით. უკრაინული დაზვერვის მონაცემებით, ყირიმში 26 000 რუსი სამხედრო მოსამსახურეა, მათ შორის რუსეთის გრუს სპეცრაზმი.

ნახევარკუნძულზე მობილიზებულია 613 ტანკი, 162 საარტილერიო დანადგარი, საბრძოლო თვითმფრინავების 4 ესკადრილია, სხვადასხვა დანიშნულების მქონე 18 თვითმფრინავი. ამის გარდა, ყირიმში ბაზირებულია 56 სამხედრო შვეულმფრენი, 30 სამხედრო ხომალდი. რუსული არმიის დაქვემდებარებაშია, დაახლოებით, 5 ათასამდე პრორუსულად განწყობილი მოხალისე, რომლებსაც მოსკოვი აქტიურად იყენებდა ყირიმის ოკუპაციის დროს, მათი მომზადება და შეიარაღება ხდება რუსულ ბაზებზე.

რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომი , 2014 წლის უკრაინული რევოლუციის შემდეგ დაიწყო. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ყირიმის ნახევარკუნძული 1 მარტს დაიკავა.

იმავე დღეს რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭომ ყირიმის ოკუპაცია დააკანონა და რუსეთის სამხედრო ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცა.

გაეროს ბოლო ანგარიშის მიხედვით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთთან კონფლიქტის შედეგად ჯამში 9371 ადამიანი დაიღუპა.


ავტორი: ნატა მახვილაძე

დღის ამბები