07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
დამანგრეველი მიწისძვრა იტალიაში - დაღუპულთა რაოდენობა 14-ს აღწევს

იტალიის ცენტრალური სამი რეგიონი ძლიერმა მიწისძვრამ დააზარალა. ამ დროისთვის გარდაცვლილთა რიცხვი 14-ს აღწევს. თითქმის მთლიანადაა დანგრეული ქალაქი ამატრიჩე. ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ გადარჩენილებს. იტალიის ხელისუფლება მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.

პრემიერ მინისტრის დავალებით ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ქალაქ აკუმოლის ცენტრალურ ქუჩაზე მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. ეს ქალაქი ერთ-ერთია იმ სამს შორის, რომელიც მიწისძვრამ ყველაზე მეტად დააზარალა. დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი. ერთი ოჯახის 4 წევრი მაშველებმა ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს.

6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა იტალიის ცენტრალურ ნაწილში გამთენიისას მოხდა. ქალაქ ამატრიჩეში ბიძგებმა მეწყერიც გამოიწვია, რის გამოც რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მიწაში ჩაიმარხა. ქალაქის მერის განცხადებით დასახლებები თითქმის აღარ არსებობს. ნაწილობრივ დაინგრა საავადმყოფოს შენობაც. მედპერსონალი იძულებული გახდა პაციენტები ქუჩაში გაეყვანა.

სტიქიის ეპიცენტრში მოყვა კიდევ ორი ქალაქი პოსტა და არკუატა დელ ტრონტო, სადაც მორი ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა გარდაცვლილი ბავშვი იპოვეს კიდევ ერთ პატარა ქალაქში პესკარა დელ ტრონტოში.

ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა რომში. მიწისძვრა აქ 20 წამი გაგრძელდა. თუმცა დედაქალაქში სტიქიას ნგრევა არ მოყოლია.

იტალია ევროპაში ყველაზე სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ამიტომ მიწისძვრები ხშირად ხდება.

ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით პირველი ბიძგების შემდეგ ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში კიდევ 60 ბიძგი განმეორდა. ყველაზე დიდი მსხვერპლი სტიქიას მეოცე საუკუნის დასაწყისში 1908 წელს მოყვა. მაშინ მიწისძვრამ ცუნამიც გამოიწვია და სიცილიასა და კალაბრიაში 80 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ავტორები: ნინო სამყურაშვილი, თამარ ჭავჭავაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები