07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
იტალიაში გლოვის დღეა

იტალიაში გლოვის დღეა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს უკანასკნელ პატივს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიაგებენ. სამთავრობო შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

ბოლო მონაცემებით, სტიქიას იტალიის ცენტრალურ რეგიონებში 281 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულთა ძებნა დანგრეულ ქალაქებში კი ამ დრომდე გრძელდება.

ქალაქ ასკოლი პიჩენოში სამოქალაქო პანაშვიდსა და დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონიას იტალიის პრეზიდენტი და პრემიერმინისტრიც დაესწრებიან. მგლოვიარეებმა უკვე დაიწყეს შეკრება ქალაქის სპორტ დარბაზში, სადაც ცხედრები ასვენია.

400-მდე ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო ჯგუფებს ნანგრევებში გადარჩენილების პოვნის იმედი თითქმის ამოწურული აქვთ, ოპერაცია ადგილზე ამ დრომდე გრძელდება, თუმცა ოთხშაბათის შემდეგ მათ ნანგრევებიდან ცოცხალი არავინ ამოუყვანიათ. სამუშაოებს განმეორებითი ბიძგებიც აფერხებს. ახლა სამაშველო ბრიგადები მთლიან დასახლებებამდე მისვლას ცდილობენ.

6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს ღამით მოხდა და რამდენიმე ქალაქი მიწასთან გაასწორა. აღდგენითი სამუშაოებისთვის იტალიის მთავრობამ 50 მილიონი ევრო გამოყო.




დღის ამბები