09 ოქტომბერი 2024,   16:20
ვრცლად
ევროპა რუსეთს სანქციების მოხსნისთვის მოთხოვნებს უყენებს

ევროკავშირის სამიტზე რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია განიხილეს. რუსეთის ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ევროპელი ლიდერები არ აპირებენ მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების შემსუბუქებას. ანგელა მერკელის თქმით, სანქციების გაუქმება მხოლოდ იმ შეთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი უკრაინასთან მიმართებით პოლიტიკას შეცვლის.

“სანქციები არ არის დასასრული. მას ვიღებთ მხოლოდ მაშინ, როცა საჭიროა. უნდა შევაფასოთ, მივაღწიეთ თუ არა პროგრესს, მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის კუთხით,“ - განაცხადა ანგელა მერკელმა.

გაცილებით მკაცრი იყო საკუთარ განცხადებებში დონალდ ტუსკი. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის სტრატეგიულ პრობლემას წარმოადგენს და ევროკავშირმა მოსკოვთან ურთიერთობის ახალი გრძელვადიანი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

„ცხადია, რომ ჩვენ ვერ გამოვნახავთ უკრაინის კრიზისის მოგვარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებას, თუ არ გვექნება ადეკვატური, თანმიმდევრული და ერთიანი ევროპული სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში. თანამედროვე, უსაფრთხო და დამოუკიდებელი უკრაინა ამ სტრატეგიის მთავარი ელემენტია. ჩვენი მიდგომა უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს მისწრაფებებს და პოტენციალს. როგორც ევროპელებმა, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი სიძლიერე,“ - აღნიშნა ტუსკმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები