09 ოქტომბერი 2024,   16:22
ვრცლად
იტალიურ ბორანზე მგზავრთა ევაკუაცია გრძელდება

საქართველოს ორი მოქალაქე და კიდევ 200-ზე მეტი მგზავრი ამ დრომდე რჩება იმ ბორანზე, რომელსაც ადრიატიკის ზღვაში ცეცხლი გაუჩნდა. იტალიელი და ბერძენი მაშველები ამ დრომდე ცდილობენ მათ გამოყვანას. ხომალდზე სულ საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან 5 უკვე ევაკუირებულია.

ბორანზე დარჩენილ ორ ქართველს შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია. ამ ინფორმაციას ადასტურებს იტალიაში საქართველოს ელჩიც.

„შვიდი ქართველი იყო გემზე, ხუთი არის ევაკუირებული, სხვა გემზე გადაიყვანეს. გვაქვს ეს ინფორმაცია, რომ სასულიერო პირი იყო იმ ორ ქართველში, თუმცა დეტალები ჯერ ვერ დავადგინეთ. პოლიციასთან და სანაოსნოსთან გვაქვს განუწყვეტლივ კავშირი. დამატებითი დეტალები არ არის,” - აცხადებს საქართველოს ელჩი იტალიაში კახა სიხარულიძე.

მამა ილია კარტოზია დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია. სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრის მამა სერაფიმეს ინფორმაციით, ის იტალიის ქალაქ ბარიში მიემგზარებოდა. რაც შეეხება ბორნიდან ევაკუირებულ ხუთ ქართველს, ისინი მაშველებმა სხვა გემზე გადაიყვანეს, თუმცა მათი ზუსტი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ინფორმაციას მათ შესახებ იტალიაში საქართველოს საკონსულო იტალიელი სამართალდამცველებისგან ელოდება.

დღის ამბები