20 მაისი 2024,   03:53
ვრცლად
მიხეილ ბენიძე ამ ეტაპზე პრეზიდენტის არჩევის არსებული წესის შენარჩუნების მომხრეა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტზე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს. უფრო კონკრეტულად, საუბარია არჩევნებსა და საარჩევნო სისტემაზე.

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი მათთვის მისაღებია. ბენიძის თქმით, ევროპაში არის არა ერთი ქვეყანა, სადაც არსებობს საპარლამენტო მოდელი, თუმცა მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი შენარჩუნებულია.

„ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე კარგი იქნებოდა, ქვეყანაში ამ წესის შენარჩუნება. ეს არის საზოგადოებისთვის კარგი საშუალება იმისა, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს პირდაპირ, ქვეყნის უმაღლესი პირის არჩევასთან დაკავშირებით და ასევე მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტს აქვს გარკვეული უფლებამოსილებები, რომელიც მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაა და კარგი იქნება, თუ ის არ იქნება არჩეული პარლამენტში, ერთი პარტიის მიერ,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ბენიძე იმედს იტოვებენ, რომ უმრავლესობა პოზიციას არ შეიცვლის და პრეზიდენტის არჩევის წესი 2018 წელს არ შეიცვლება.

მიხეილ ბენიძე მაჟორიტარული არჩევის წესთან დაკავშირებითაც საუბრობს და ასახელებს იმ უარყოფით მხარეს, რაც ამ წესს ახლავს თან.

„მაჟორიტარული სისტემა ჩვენთვის მიუღებელია არა იმიტომ, რომ თავისთავად მაჟორიტარული სისტემა ცუდია, არამედ, მაჟორიტარული სისტემის გამოყენება პარალელურად პროპორციულ სისტემასთან ერთად, იწვევს იმას, რომ როგორც წესი, მმართველ პარტიას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა და ის იღებს გაცილებით დიდი რაოდენობის მანდატებს,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მიხეილ ბენიძე კურიერის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთ საკითხს შეეხო, რომელიც პოლიტიკური პარტიების მიერ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საარჩევნო ბლოკებად გაერთიანებას გულისხმობს. ბენიძე ამბობს, რომ ისინი არ ემხრობიან ბლოკების გაუქმებას. 

„ამის უფლება ჩვენ არ უნდა მოვუკლათ პარტიებს. დღეს ქვეყანაში, ჩვენი პარტიების განვითარების დონიდან გამომდინარე, შეიძლება დადგეს საჭიროება იმისა, რომ პარტიები ერთად დაჯგუფდნენ,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები