20 მაისი 2024,   02:13
ვრცლად
ბათუმში დაკავებები გრძელდება - აქციის თემაზე პოლიტიკური ურთიერთბრალდებები არ წყდება

ბათუმში დაკავებები გრძელდება. დღეს კიდევ 6 პირი დააპატიმრეს, რომლებსაც მასობრივი არეულობების მოწყობა და პოლიციაზე თავდასხმა ედებათ ბრალად. სამართალდამცველების ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება კონკრეტულ პირთა იდენტიფიცირება და ახალი მტკიცებულებების მოპოვება.

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო დაკავებულები იზოლატორში დღის ბოლოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანია. 

პოლიტიკური ოპონენტები ბათუმში მომხდარი დაპირისპირების მიზეზებზე ვერც ამჯერად შეთანხმდნენ. ქართული ოცნების დეპუტატებმა სხდომაზე ხმაურიანი ღამის ქრონოლოგია გაიხსენეს და კონკრეტული არგუმენტები დაასახელეს, რის საფუძველზეც ორგანიზატორებად ნაციონალურ მოძრაობას მიიჩნევენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველების თვითნებობითა და პოლიციის უფროსით უკმაყოფილება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტს არ მოჰყოლია და პრობლემა რეგიონში უფრო მწვავეა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე დაადასტურა, რომ პოლიციის უფროსის გამო მოქალაქეების უკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და ორშაბათს მასთან ამ საკითხზე შეხვედრასაც გეგმავდა.

ოპოზიცია დროულ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს. დროული გამოძიების საჭიროებაზე განცხადება დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემაც გააკეთა. საბჭოს თავმჯდომარეს დღეს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები