20 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
"ეს-300" ტიპის კომპლექსების გუდაუთაში შეყვანის საკითხს უშიშროების საბჭო განიხილავს

ეს-300 ტიპის კომპლექსების გუდაუთაში შეყვანა მომავალ უშიშროების საბჭოზე იქნება განხილული. ოკუპირებულ აფხაზეთში დამატებით საზენიტო-სარაკეტო შეიარაღების შეტანას მაშინ, როდესაც ოფიციალური თბილისის მხრიდან საჰაერო საფრთხე არ ემუქრება, უშიშროების საბჭოს მდივანი რამდენიმე საკითხს უკავშირებს.

დავით რაქვიაშვილის განმარტებით, მოსკოვი ასეთი ნაბიჯით საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხებას ცდილობს. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, მთავრობაში ნაკლებად სჯერათ, რომ მოსკოვის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში შეიარაღების რაოდენობის გაზრდა, თბილისის ევროპისკენ სწრაფვას უკავშირდებოდეს.

დღეს მთავრობის წევრებმა რუსეთს შეახსენეს, რომ სხვადასხვა სახის მძიმე შეიარაღების შეყვანით ის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს რუსეთისგან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მონიტორების დაშვება.

მთავრობის წევრების პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან საპარლამენტო ოპოზიციაში. უმცირესობის წევრების განცხადებით, ოფიციალურმა თბილისმა უკრაინის მაგალითი უნდა გამოიყენოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მოსკოვის ანექსია საერთაშორისო სანქციებით შეაჩეროს.

სანამ ოფიციალურ თბილისში უშიშროების საბჭოსთვის ემზადებიან და დასავლეთის რეაქციებს ელოდებიან, რუსული შეიარაღებით დატვირთული ვაგონები ოკუპირებულ აფხაზეთში უფრო დიდი სიხშირით შემოდიან.

დღის ამბები