20 მაისი 2024,   03:10
ვრცლად
თავდასხმების საფრანგეთში - არიან დაშავებულები

ქალაქ გრასში სამი სხვადასხვა ტიპის იარაღითა და ორი ყუმბარით შეიარაღებული მოზარდი სკოლის შენობაში ლანჩის დროს შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. სროლა 10 წუთამდე გაგრძელდა. შედეგად, ბოლო მონაცემებით, სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სასწავლო დაწესებულების დირექტორიც, რომელიც გამოძიების ვერსიით, თავდასხმის სამიზნე იყო.

პოლიციამ 17 წლის ახალგაზრდა დააკავა, თუმცა მომხდარის დეტალებს ამ დრომდე სწავლობს. გამოძიების წინასწარი ვერსიით, მომხდარი ტერაქტს არ უკავშირდება. ქალაქ გრასში ყველა სასწავლო დაწესებულება ამ დრომდე დახურულია.

გრასის გარდა, ფრანგი სამართალდამცველები დღეს პარიზში მომხდარ თავდასხმასაც იძიებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბბინაში ფოსტით მიღებული ამანათი აფეთქდა. შედეგად ოფისის თანამშრომელმა ქალმა ხელისა და სახის არეში დამწვრობა მიიღო.

აფეთქების შემდეგ სამართალდამცველებმა შენობიდან 150-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.

საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში მომხდარი თავდასხმა ბერლინში ანალოგიური შემთხვევიდან მეორე დღეს მოხდა. გუშინ საეჭვო პაკეტი გერმანიის ფინანსთა სამინისტროში მიიღეს, თუმცა სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს, რომ ამანათი ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავდა და მსხვერპლის თავიდან აცილება შეძლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ბერძნულმა რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო.

ავტორი: ნინო დვალიშვილი.

დღის ამბები