20 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
15 ლარიანი მედუდუკე ქალები გვიწოდეს - პარლამენტთან "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეების აქცია გრძელდება

აქცია პარლამენტთან - მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულების მოთხოვნების ადრესატები ამჯერად დეპუტატები არიან. აქციისას საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება. 10-მდე ქალბატონს გაეწია ამბულატორიული კვლევები, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი აქციაში მონაწილეობას განაგრძობენ.

მათი მოთხოვნები უცვლელია - მათ სურთ რომ მთავრობამ კომპენსაცია გადაუხადოს ბავშვთა სამყაროს დაზარალებულ მოვაჭრეებს და ასევე შეჩერდეს მათი საბანკო ვალდებულებებიც.

„მარტო პატრული, რომელიც გვაკონტროლებს და იცავს პარლამენტის შენობას, ესენი არიან ჩვენის გვერდით და სასწრაფოა, რომ თუ ცუდად გავხდით, მოგვხედონ. გაღებული ფანჯრებიდან გამოყოფენ ტელეფონებს, გვიღებენ და იცინიან. ყველაზე ცუდი ეგ არის რომ იცინიან. 15 ლარიანი მედუდუკე ქალები ხართო. ამას რომ დაცვა გიწოდებს, თან მერიის,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ბავშვთა სამყაროს დაზარალებულების აქციას შეუერთდნენ უფლებადამცველები, ასევე ჟურნალისტი ელისო კილაძე და საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები.

საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, რომ მოვაჭრეების კომპენსირება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ დაემსგავსებიან კოლექტიურ დავით ნარმანიას, რომელიც მოსახლეობას საკუთარი მაგიდის ქვეშ ემალება და პასუხს არ სცემს. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და შეხვდეს ამ ადამიანებს, გაუწიონ ადეკვატური დახმარება,“ - განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

კომენტარი გააკეთა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა, რომელიც ხელისუფლების გულგრილობაზე საუბრობს.

„ეს არის სახელმწიფოს ბოროტება და ყველა ადამიანი, უფლებადამცველი ვალდებულია მათ გვერდში დადგეს,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ხელისუფლების გულგრილობაზე საუბრობს ჟურნალისტი ელისო კილაძეც.

„ხელისუფლებას მინდა ძალიან მკაფიოდ ვუთხრა, მათ ვერ მიაღწიეს შედეგს ჩემი შვილის დაჭერით, ისინი ვერ მიაღწევენ იმ შედგეს რა ამოცანებიც ჰქონდათ და რა მესიჯებიც საზოგადოებას გაუგზავნეს, რომ ყველა განსხვავებული აზრის ადამიანებს დასჯიან და შეაშინებენ. მე მოვედი აქ და ვიქნები ამ ადამიანებთან ბრძოლაში,“ - განაცხადა ელისო კილაძე.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი. 

დღის ამბები