20 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას ოპოზიციაში აფასებენ

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც  ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხება, შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ამ მიმართულებით ბევრი აქვს სამუშაო.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს ლიდერები ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკა კლუბური ნარკოტიკების მიმართულებითაც უნდა შეიცვალოს. 

„ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ პოლიტიკა ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს. აქ არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, გასაღების მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმგვარად, რომ, რაც შეიძლება, ნაკლები ადამიანი წავიდეს ციხეში და პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა არ იყოს გამოყენებული სასჯელად იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი არ აქვს გასაღების მიზანს და ამ შეთხვევაში ხდება მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, კოტე იოსელიანის, თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი რეალურად არ ცვლის სიტუაციას.

„აქ მთავარი არის ის, რომ მარიხუანას მოწევა კვლავ რჩება კრიმინალად. პოლიცია კვლავ რჩება რეპრესიულ მექანიზმად, რომელსაც შეუძლია, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებები გამოიყენოს, როგორც პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს ინიციატივას ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე, თუმცა აქვე აცხადებს, რომ ეს არასაკმარისია.

„არასაკმარისია იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ხელში რეპრესიული ბერკეტები,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები