შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ინდოელ ტურისტებთან დაკავშირებული ინციდენტი შეაფასა. შალვა ხუციშვილის განმარტებით, შსს-ს ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები საქართველოში ხშირი არ არის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო პრევენციული ზომების მისაღებად მზად არის.
შეგახსენებთ, რომ ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ინდოელ ტურისტებს 2 ბოთლს ლუდში 3600 ლარი გადაახდევინეს და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ბევრი ასეთი ფაქტის შესახებ ჩვენთვის არ არის ცნობილი, ანუ ეს არის ალბათ რამდენიმე ერთეული შემთხვევა და ეს უბრალოდ ყველაზე გახმაურებული, თუმცა ამ კონკრეტულ საკითხზე სანამ გამოძიება არ დასრულდება ვერ გეტყვით ვერაფერს, მაგრამ დამატებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები ეკონომიკის სამინისტროსთან. მოგეხსენებათ, ტურიზმზე პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტრო და თუ არის ამის საჭიროება, ჩვენ შეიძლება მივიღოთ პრევენციული ღონისძიებები, თუმცა დღეის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ციფრი არის სულ რამდენიმე ერთეული შემთხვევა,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.