სანკტ პეტერბურგი პარალიზებულია. მეტრო მთელ ქალაქში დაკეტეს. პეტერბურგის ცენტრში მომხდარი აფეთქების შემდეგ, დაშავებულების ევაკუაცია გრძელდება. ტელეკომპანია Дождь თვითმხილველის ინტერვიუს ავრცელებს, რომელიც ყვება, რომ იმ მატარებელში იჯდა, რომელშიც აფეთქება მოხდა.
„მესამე ვაგონში ვიყავი, აფეთქება მეორეში მოხდა. ძლიერი ხმის შემდეგ არაფერი არ მესმოდა, მეგონა სიბნელეში ჩავვარდი. რამდენიმე წუთში ახალგაზრდა ადამიანების დამწვარი სახეები დავინახე. გვერდით ვაგონში ქალებს თავზე ცეცხლი ეკიდათ, დაახლოებით 20-30 ადამიანი იქნებოდა. დავინახე, როგორ გაფართოვდა ნახევარი ვაგონი და შემდეგ ელექტროგაყვანილობებიდან წამოსული ნაპერწკლები,“ - ყვება თვითმხილველი.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაშავდა. 25 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.