პროექტის "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეკითხვები ძირითადად იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას და არჩევის წესს ეხება.
გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატია მოქალაქეების მიერ მმართველების არჩევაზეა დამოკიდებული.
„25 წლის წინ ჩვენ ასეთი ტრადიცია დავაფუძნეთ, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვირჩევთ ქვეყნის პრეზიდენტს. თუ ასეთი ტრადიცია არსებობს, თუ ტრადიციას ვცვლი და ამ უფლებას ამომრჩეველს ვართმევ და გადავცემ ვიღაცა სხვას, მე კარგად უნდა ამიხსნათ ეს თქვენ მე, რატომ უნდა შევცვალოთ ეს წესი. ჯერჯერობით ამისთვის არავითარი არგუმენტი ჩვენ არ მოგვისმენია,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.