18 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
სანკტ პეტერპურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს

სანკტ პეტერბურგსა და მოსკოვში უსაფრთხოების საგანგებო ზომები მოქმედებს. განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ არის აყვანილი მეტროპოლიტენი, სადაც ყველა მგზავრი მოწმდება. რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა სანკტ პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას უკვე ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. 9 დაღუპული და 50-მდე დაშავებული - ასეთია მეტროში მომხდარი თავდასხმის შედეგი.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაჭრილები საავადმყოფოებში ვერტმფრენებით გადაიყვანეს. მეტროს სადგურთან ათობით სასწრაფო დახმარების მანქანაც იყო მობილიზებული. აფეთქებიდან ნახევარ საათში ქალაქში მეტროს ყველა სადგური დახურეს.

ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ვაგონში იმ დროს ამოქმედდა, როდესაც მატარებელი ორ სადგურს შორის იმყოფებოდა. შედეგად სადგურ Сенная площадь-ზე მყოფი მგზავრები პირველები გახდნენ იმ ტრაგედიის თვითმხილველები, რომელიც გვირაბში მოხდა და სადაც კვამლში გახვეული ვაგონები მივიდა. აფეთქებას კიდევ ერთი მეტროსადგური, Площадь Восстания გადაურჩა, სადაც ასევე დამონტაჟებული ნაღმი სპეციალისტებმა გააუვნებელყვეს.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები