ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევის შედეგები ოფიციალურად გაასაჯაროვა. პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგებთან ერთად გამოკითხვა რუსთავი2-ის საქმეზე მოსახლეობის განწყობებსაც ასახავს.
შედეგების მიხედვით, 96% რუსთავი2-ის სამართლებრივ დავას იცნობს. კვლევის შედეგს საპარლამენტო ოპოზიცია სრულად იზიარებს, ხელისულება კი პოლიტიკურ მოტივაციას სამართლებრივ დავაში ვერ ხედავს.
ქართული ოცნება კვლევის რუსთავი2-თან დაკავშირებული შედეგების გარდა, პარტიათა რეიტინგებსაც არადამაჯერებლად მიიჩნევს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ IRI-ის მიერ ჩატარებულ პირველ გამოკითხვაში მმართველ პარტიას 26% აქვს.
პარტიულ რეიტინგებში ქართული ოცნების შემდეგ 15%-ით რიგით მეორეა ნაციონალური მოძრაობა. პარტიაში ამბობენ, რომ კვლევა სახელისუფლებო ძალის მიმართ უპრეცენდენტოდ დაბალ რეიტინგს და ოპოზიციის მიმართ კონკრეტულ მოლოდინებს ასახავს.
მკვლევარები ასევე დაინტერესდნენ, პრეზიდენტის არჩევის რომელი წესია მისაღები მოსახლეობისთვის.
პრობლემების სამეულში კვლავ უმუშევრობა, ეკონომიკური კრიზისი და ტერიტორიული მთლიანობაა. მოსახლეობის 97% უარყოფითად აფასებს გადასახადების გაზრდას. გაზპრომთან გაფორმებული შეთანხმება კი 58%-თვის ნეგატიურია და მხოლოდ 11%-თვის პოზიტიური.
IRI-ის კვლევა მოიცავს საგარეო მიმართულებებსაც. კვლევა აჩვენებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი კვლავ მაღალია.
IRI-ის კვლევის ფარგლებში მოსახლეობას კითხვები რუსეთთან ურთიერთობის საკითხზეც დაუსვეს. გამოკითხული მოსახლეობის 53% ემხრობა რუსეთთან დიალოგს. 15% კი პოზიტიურად მიიჩნევს საქართველოს მთავრობის ურთიერთობას რუსეთის მიმართ.
გამოკითხული მოსახლეობის 60%-ს მიაჩნია, რომ რუსეთს ამ მომენტშიც აქვს აგრესიული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ.
ამავე კვლევაში ცალკე თავი მედიას ეძღვნება. კითხვაზე, ყველაზე ხშირად რომელ არხს უყურებენ, სამეული ასე ნაწილდება: პირველ ადგილს იმედი იკავებს, მეორე ადგილს -რუსთავი2 და შემდეგ არის მაესტრო.
გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ახალი ამბების მიღების მხრივ რუსთავი2-ს ენდობა.
გამოკითხვა 22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში ჩატარდა, ცდომილება კი 2.5%-ია.