„მე სამი წლის წინაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს საქმე არ იქნებოდა გამოძიებული,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში.
მისი თქმით, მასზე თავდასხმა ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული და შესაბამისად, შედეგად არავინ დასჯილა.
„2012 წელს იყო საზარელი მკვლელობა ბარბარე რაფალიანცის. მაშინ მიიღო პირველი გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ, როდესაც თქვა, მოდი, ნუ გამოვიძიებთ ამ ბავშვის მკვლელობას იმიტომ, რომ მასში არიან გარეული ქართული ოცნების აქტივისტები,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველა მოქალაქეს აძლევს მაგალითს, რომ დღეს საქართველოში შესაძლებელია, დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს.
„დღეს პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ საზოგადოების არცერთი ნაწილი აღარ გრძნობს თავს დაცულად,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მისი თქმით, პოლიტიკოსებზე თავდასხმის საქმის გამოძიება ფერხდება, რადგან პოლიტიკური ოპონენტებისთვის ანგარიშსწორების უკან თავად მთავრობა დგას.
„ვერ ნახავთ ვერცერთ ინსტიტუტს საქართველოში, რომელის მისამართით ნდობა არ შემცირდა,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მან შემთხვევაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, 9 პოლიციელს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება იმის გამო დააწერინეს, რომ სამართალდამცველებმა ბიძინა ივანიშვილის სურვილი არ აასრულეს.