19 მაისი 2024,   00:31
ვრცლად
გურამ რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვებს-სასამართლოს წარმომადგენლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განჩინება მიიტანეს

ცენტრ პოინტის ერთ-ერთ საქმეზე ბრალდებული გურამ რჩეულიშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებას დღესვე დატოვებს. მისი ახლობლები და ოჯახის წევრები უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან არიან შეკრებილი და ელიან მას. 

საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლებმა საპატიმროში განჩინება უკვე მიიტანეს. დარჩენილია რამდენიმე პროცედურა, რის შემდეგაც გურამ რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვებს.

გურამ რჩეულიშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მოსამართლე მაია შოშიაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. 

პროკურატურამ მისი გათავისუფლების მოთხოვნა 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დააყენა, თუმცა საბოლოო ჯამში მოსამართლემ რჩეულიშვილი 30 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. რჩეულიშვილს 9 თვიანი პატიმრობის ვადა რამდენიმე დღეში ეწურებოდა.

მას გამოძიება დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ედავება, საქმე ეხება ბათუმის მაგნოლიის ეპიზოდს, საუბარია 19 მილიონ ლარზე.

„ვერ გეტყვი მოულოდნელია დღეს გუკას გათავისუფლება იმიტომ, რომ 9 თვიანი ვადა დასრულდა, მაგრამ მაინც ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ, რომ უკვე აღარ მგონია, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს თავისუფლებაზე ვიხილავ. ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი ძალაა და მგონია, რომ ერთად ბევრად მეტს შევძლებთ. პირველ რიგში დაზარალებულებისათვის და ამ საქმის მოგვარებისათვის,“-განაცხადა ნინო დარასელმა.

სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფება ცენტრ-პოინტის კრიზის-მენეჯერიც. ნიკა ბერიძე ამბობს, რომ კომპანიაში თითქმის დასრულდა მოლაპარაკება სხვადასხვა ინვესტორთან. მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს დაახლოებით 7 ინვესტორთან და ობიექტებზე შესვლა მაისის დასაწყისში იგეგმება.

„რესურსის ძირითადი ნაწილი გვაქვს და თითოეულ ინვესტორს შევახვედრებთ პროკურატურას და ის, რომ დაიწყებს პროექტების მშენებლობას პარალელურ რეჟიმში იმედი გვაქვს, რომ ყადაღებს მოუხსნიან,“-აცხადებს ნიკა ბერიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები