18 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა

ცენტრ პოინტის ერთ-ერთ საქმეზე ბრალდებული გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რჩეულიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის მაქსიმალური ცხრა თვიანი ვადა იწურებოდა. შესაბამისად, ბრალდების მხარემ სასამართლოს, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მიმართა. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გურამ რჩეულიშვილს გირაოს სახით შეეფარდა 30 ათასი ლარი. მას ასევე ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობა. 

"იმის გათვალისწინებით, რომ გურამ რჩეულიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის მაქსიმალური ცხრა თვიანი ვადა მიმდინარე წლის 12 აპრილს იწურებოდა და ამ ვადის ამოწურვამდე  ვერ ხდებოდა საქმის არსებითი განხილვის დასრულება, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და იმ მოტივით, რომ კვლავაც არსებობდა გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, მისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით  გირაო 30 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მას ასევე დამატებითი ღონისძიების სახით ჩამოართვა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება მაია და გურამ რჩეულიშვილების ბრალდების საქმის არსებითი განხილვა. პროკურატურამ  მტკიცებულებების წარდგენა  2017 წლის იანვარში დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში დაკითხული იქნა 60-მდე მოწმე და გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებების 42 ტომი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.

"პროკურატურა მიმართავს მის ხელთ არსებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას საქმის არსებითი განხილვის დროულად დასრულებისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რჩეულიშვილი საქალაქო სასამართლომ დღეს 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები