28 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - ქვეყანა დღეს დაღუპულებს იხსენებს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან დილიდან არ წყდება მოქალაქეების ნაკადი. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები როგორც ნაციონალური მოძრაობიდან ასევე ევროპული საქართველოდან და თავისუფალი დემოკრატებიდან. 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულებს პატივი მიაგო დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამაც. გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.