18 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

დღეს პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები იმყოფებოდნენ. მათ 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათი თქმით, დღევანდელი დღე საპასუხისმგებლოა, რადგან იმ თავისუფლებას, რომელსაც 9 აპრილს ადამიანებმა თავი შესწირეს, დაცვა და შენარჩუნება სჭირდება.

„დღევანდელი დღე არის საქართველოს რთული, დრამატული და ამავე დროს, გმირული ისტორიის. დღევანდელი დღე არის იმ ადამიანების, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას,“ - განაცხადა ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, დავით ბაქრაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნიკა რურუას განცხადებით, 9 აპრილი ყველას ახსენებს, რომ თავისუფლების მოპოვებას ბრძოლა სჭირდება და შემდეგ მოპოვებულ თავისუფლებას კი დაცვა.

„9 აპრილი არის ის გარანტია, ის ვალდებულება, რომელიც ყოველ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისას ყოველ ქართველს ახსენებს პირად ვალდებულებას ვუერთგულოთ იმ სულისკვეთებამ, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

მემორიალთან თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე 28 წლის წინ დაღუპულ ადამიანებთან ვალშია და ამ ვალის გასტუმრება მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნებით არის შესაძლებელი.

9 აპრილის მემორიალთან დღეს საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები