ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებით თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ დღეს საკრებულოში.
საუბარია ერთ მილიონ ლარზე, რომელიც მერიის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება და შემდეგ დაზარალებულებზე გაიცემა.
შეთანხმება უკვე მიღწეულია და 345 დაზარალებული ერთჯერადად მიიღებს სამი ათასი ლარის კომპენსაციას.
„ერთჯერადი დახმარება იქნება 3000 ლარი, რომელიც გაცემული იქნება მერის სარეზერვო ფონდიდან. ამას გარდა, რაიონული გამგეობიდან გაიცემა თანხები სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე. იქ უკვე 500-დან 1500 ლარამდეა. ეს დამატებითაა და წავა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან,“ - განმარტავს ჯაბა სამუშია.
თავად დაზარალებულები კი, ხუთი ათას ლარს ითხოვდნენ, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„რასაკვირველია დაზარალებულები და ჩვენც მათთან ერთად ვითხოვდით, რომ მათი დახმარება პირველ ეტაპზე ყოფილიყო 5000 ლარი, ვიდრე გამოძიება მივიდოდა საბოლოო შედეგებამდე, ვიდრე ზარალი დაითვლებოდა ბოლომდე. ერთი მილიონი ლარი ემატება მერიის სარეზერვო ფონდს, თუმცა, მერიის სარეზერვო ფონდში იყო თანხა და რატომ გახდა დამატება საჭირო, ამასთან დაკავშირებით გვექნება კითხვა,“ - განაცხადა ენმ-ის წევრმა მარინა დათუკიშვილმა.
მთავარ პრობლემად ხელისუფლების დაზარალებულებისადმი დამოკიდებულებას ასახელებენ ფრაქცია თბილისის წევრები.