ბუდაპეშტის 3 ნომერში მომხდარი მკვლელობის შესახებ, ოფიციალურ ვერსიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ საუბრობს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს გარდაცვლილის სახლი, საიდანაც მათ ყველა ის საკვლევი მასალა წაიღეს, რის მეშვეობითაც უნდა დადგინდეს სავარაუდო დამნაშავის ვინაობა.
ბუდაპეშტის 3 ნომერში მაცხოვრებლების ნაწილი აცხადებს, რომ მათ მეზობლების ყვირილის ხმა გაიგეს, რომლებსაც უკვე გამოძახებული ჰყავდათ სასწრაფო სამსახურის ბრიგადა, რადგან ერთერთ ბინაში ხანძარი იყო გაჩენილი. მეზობლები გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ.
ხოლო მეზობლების მეორე ნაწილი ეთანხმება იმ ვერსიას, რომ მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, მის სახლში ცეცხლი გააჩინეს. მათთვის ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ გარდაცვლილს სხეულზე, სავარაუდოდ, მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
შეგახსენებთ, 70 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი დღეს დილით იპოვეს, როდესაც მაშველები შენობაში გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ.