საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს ე.წ. ჭიაკოკონობა იმართება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები.
საქართველოში ტრადიციულად კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, შედეგად გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები გამოიყოფა.
საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში.
ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს.