ჭიათურაში, გამამდიდრებელ კომბინატში ერთერთი დასაქმებულის სიმაღლიდან გადმოვარდნას ეხმაურება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
დავით სერგეენკო მომხდართან დაკავშირებით შრომის ინსპექციის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. მის თქმით, კონკრეტული ტექნიკური ნორმების ზედამხედველობა უშუალოდ ადგილზევე უნდა ხორციელდებოდეს.
„მინდა კიდევ ერთხელ განვუმარტო როგორც საზოგადოებას, ასევე პროფკავშირების იმ ნაწილს, რომელსაც არ ვიცი რატომ არ უნდა დაინახოს ის რომ, შრომის ინსპექციას აქვს თავისი მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკის შემმუშავებელი და სისტემური ხარვეზების აღმომჩენი ფუნქცია. უშუალოდ როგორ ხორციელდება და რამდენად ხდება დაცვა იმ რეკომენდაციების, რასაც შრომის ინსპექცია გასცემს, ეს არის ტექნიკური ზედამხედველობის და არა შრომის ინსპექციის ფუნქცია, რომელიც ჩაშლილია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე,“ - აცხადებს დავით სერგეენკო.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში გამამდიდრებელ კომბინატში ერთერთი დასაქმებული სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა