18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
თავდასხმის შემდეგ დორტმუნდის ბორუსიას და მონაკოს გუნდის შეხვედრას ასობით შეიარაღებული პოლიციელი იცავს

დორტმუნდის ბორუსიაზე თავდასხმის გამოძიება გერმანიის მთავარმა პროკურატურამ გადაიბარა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საქმეში ისლამისტების კვალი გამოვლინდა. აფეთქების ადგილზე აღმოჩენილ წერილებში ავტორები სირიიდან ანტიტერორისტული კოალიციის ავიაციის გაყვანას და გერმანიაში მდებარე ამერიკული ავიაბაზის დახურვას ითხოვენ.

ტერორისტების სავარაუდო კვალზე გამოძიებას ასაფეთქებელმა მოწყობილობებმაც მიუთითა, რომლებიც ფეხბურთელთა ავტობუსთან ამოქემდდა. გამოძიებას ორი ეჭვმიტანილი ჰყავს, ერთერთი მათგანი კი დაკავებულია. სამართალდამცველები მის ვინაობას არ ახმაურებენ, თუმცა მედია წერს, რომ დაკავებული სირიის მოქალაქე 31 წლის მამაკაცია, რომელიც ისლამური სახელმწიფოს წევრია.

თავდასხმა დორტმუნდის ბორუსიას გუნდზე გუშინ საღამოს მოხდა. როდესაც ფეხბურთელები სასტუმროდან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალზე მიემგზავრებოდნენ, ავტობუსთან სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქებისას დაშავდა ფეხბურთელი მარკ ბარტრა და პოლიციელი, რომელიც სპორტსმენებს აცილებდა.

მომხდარის გამო UEFA-მ მატჩი დღეისთვის გადადო და საფეხბურთო კლუბების და გულშემატკივრების დაცვის გაძლიერებაზე დაიწყო მსჯელობა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალის მატჩის მსვლელობას სიგნალ იდუნა პარკის სტადიონზე ამ წუთებში ასობით შეიარაღებული პოლიციელი იცავს.

ავტორი: თეა თეთრაშვილი. 

დღის ამბები