სამოქალაქო სექტორი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კანონის გამკაცრების ინიციატივით ხელისუფლებას მიმართავს. სახალხო დამცველის ანგარიშში ფემიციდის არა ერთი ფაქტი ფიგურირებს.
უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ფემიციდის შემთხვევებთან დაკავშირებით ხელისუფლება სათანადო ნაბიჯებს არ დგამს. მისი შეფასებით, მოუწესრიგებელია საკანონმდებლო ბაზა და არ არსებობს შესაბამისი სტატისტიკა. ომბუდსმენის ინიციატივას მხარს უჭერს გაეროს ქალთა ორგანიზაციაც.
კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე მიუთითებენ ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. თამარ კორძაია, რომელმაც პარლამენტს ფემიციდის შესახებ წინადადებით რამდენჯერმე მიმართა, ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნება არ აქვს.
ქალთა მოძრაობის წევრები კი ფემიციდს მწვავე სოციალურ პრობლემად განიხილავენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდეს და ფემიციდი დასჯადი გახდეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი ოჯახში ძალადობასა და ფემიციდთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე უკვე მუშაობს. ოპოზიცია კი კანონის გამკაცრების პარალელურად, სხვა მექანიზმების ამუშავების აუცილებლობაზეც საუბრობს.
ომბუდსმენის აპარატის მონაცემებით, მიმდინარე წელს ფემიციდის 4, გასულ წელს კი - 21 შემთხვევა გამოვლინდა. ოჯახური ძალადობის ბოლო მსხვერპლი, რამდენიმე დღის წინ დანით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა.