18 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
იერუსალიმის პატრიარქის მიერ აფხაზეთის, როგორც ქვეყნის, დალოცვას საქართველოში ეხმაურებიან

იერუსალიმის პატრიარქმა საკუთარ რეზიდენციაში ე.წ. აფხაზური სამღვდელოების წარმომადგენლებისა და მომლოცველებს უმასპინძლა. თეოფილე მესამე რუსული ეკლესიის შუამდგომლობით აფხაზურ დელეგაციას უკვე მეორედ შეხვდა. ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებს მან მადლობა გადაუხადა და მომლოცველებთან ერთად აფხაზეთი, როგორც ქვეყანა, დალოცა.

იერუსალიმის პატრიარქის მხრიდან აფხაზეთის, როგორც სახელმწიფოს დალოცვა, მოულოდნელი აღმოჩნდა ქართული ეკლესიისთვის. მამა იოსებ გელუკაშვილის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედის და მისი ცალკე მოხსენიება დაუშვებელია.

თეოლოგ ბექა მინდიაშვილის განმარტებით, თეოფილე მესამე უკვე წლებია, რუსეთის გავლენის ქვეშაა მოქცეული და აფხაზურ დელეგაციასთან შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი რეგიონის ქართული ეკლესიისგან გამოყოფაა.

იერუსალიმის პატრიარქისა და აფხაზური დელეგაციის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ისრაელში, საქართველოს საელჩოში. დიპლომატიურ მისიაში კომენტარისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თეოფილე მესამეს შეხვდებიან და ეცდებიან, დააზუსტონ, ნამდვილად დალოცა თუ არა პატრიარქმა აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო. 

დღის ამბები