ტრადიციული ლელობურთით დასრულდა აღდგომის დღესასწაული ლანჩხუთის რაიონში. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ. 16 კილოგრამიანი ბურთის დევნაში ამჯერად ზემო შუხუთელებმა გაიმარჯვეს.
სოფლის ორი უბნის დაპირისპირება წელს უჩვეულოდ მალე დამთავრდა და მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელდა. შეჯიბრმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა. სანახაობას უცხოელი ტურისტებიც დაესწრნენ.
ლელობურთის დაწყების წინ საქართველოს რაგბის ფედერაციამ შეკრებილებს რაგბში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის თასი წარმოუდგინა. ჩემპიონატი საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება.