საქართველოს მთავრობა პარლამენტის მიერ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ერთ ნაწილს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის საპარლამეტო მდივნის წერილშია ნათქვამი, რომელიც შალვა თადუმაძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს გაუგზავნა.
ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, რომლის განხორციელებასაც პარლამენტი გეგმავს, საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული პასუხისგებლობა იმ პირებს უნდა დააკისროს, ვინც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს დაარღვევს, თუმცა მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება საპატრულო პოლიციის მუშაობის გადატვირთვას გამოიწვევს, რაც არასწორი გადაწყვეტილებაა.
„წარმოდგენილი კანონპროექტის 171/1 და 171/3 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საპატრულო პოლიციის კომპეტენციად განსაზღვრა გამოიწვევს საპატრულო პოლიციის რესურსის მნიშვნელოვნად გადატვირთვას. აღნიშნული ახალი ვალდებულების საპატრულო პოლიციისთვის გადაცემა ასევე შეაფერხებს პოლიციისთვის ისეთი პრიორიტეტული ფუნქციების შესრულებას, როგორიცაა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა პრევენცია, აღკვეთა, გამოვლენა და გამოძიება, აგრეთვე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
გასათვალისწინებელია აგრეთვე სხვა ქვეყნების პრაქტიკაც, რომლის თანახმადაც, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების განხორციელების ნაწილში პოლიციას დაკისრებული აქვს მხოლოდ დამხმარე ფუნქცია,“- ნათქვამია წერილში.
შალვა თადუმაძე პარლამენტს სთხოვს, კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდეს.