იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის სასჯელი მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ამ დანაშაულისთვის განისაზღვრება პატიმრობა 4-დან 7 წლამდე ვადით. კანონპროექტი პარლამენტშია წარდგენილი და დღეს იურიდიულ კომიტეტში მისი განხილვა გაიმართა.
"ჩვენ გვქონდა გარკვეული კითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარომადგენელთან. ისინი დაამუშავებენ სტატისტიკას, შემდგომ სხდომებზე უფრო დეტალურად გავივლით, მაგრამ, რაც მთავარია, სამწუხაროა, რომ იარაღი დანაშაულის ჩასადენად უფრო აქტიურად გამოიყენება. სამწუხაროა, რომ ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც ამ მიმართულებით სახელმწიფოს გამკაცრებისკენ ნაბიჯების გადადგმა უწევს,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, სტატისტიკის შეჯერებით საკითხს პარლამენტთან ერთად განიხილავენ.
„იყო გარკვეული შენიშვნები. ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ, რომ უფრო რაციონალური მიდგომა და დახვეწილი უნდა იყოს კანონი სანადირო და სპორტულ იარაღთან, ასეთადაც არის წარმოდგენილი,“ - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა.