ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმ ინიციატივას აპროტესტებს, რომელიც პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შევიდა. ცესკო კომპენსაციების შესახებ კანონის ცვლილებების შეტანას ითხოვს. უწყებაში თვლიან, რომ საარჩევნო კომისიის წევრებს და აპარატის თანამშრომლებს სახელმწიფომ პენსიაზე გასვლის შემდეგ, კომპენსაცია უნდა უხადოს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივა უკვე შევიდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. ერთსულოვანი მხარდაჭერა ცესკომ კომიტეტისგან ვერ მიიღო. საკითხის გასარკვევად სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა.
კითხვები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივასთან დაკავშირებით აქვს ოპოზიციას. ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ ცესკო გაყალბებული არჩევნების სანაცვლოდ, ჯილდოს იღებს. ევროპული საქართველოს წევრები კი აცხადებენ, რომ ამ ინიციატივაში ძალიან ბევრი დეტალი საეჭვოა.
დეტალების დაზუსტებას ოპოზიციის გარდა, აპირებს არასამთავრობო სექტორიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტში ცესკოს ინიციატივის განხილვებზე დასწრებას გეგმავს.