18 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
ნარკოტიკი, რომელიც ჩემს შვილს ჩაუდეს შსს-ს მაღალჩინოსნის, რამაზ ხარშილაძის მანქანიდან ამოიღეს - კილაძის სკანდალური განცხადება 

გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორის მორიგი სკანდალური განცხადება. ელისო კილაძე ამბობს, რომ მან მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნის ინდენტიფიცირება, რომელიც მისი შვილის დაკავების ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა.

კილაძე დავით ხარშილაძისთვის ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სამმართველოს უფროსს ადანაშაულებს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ სწორედ რამაზ თარაშვილის მანქანიდან იქნა ამოღებული ორი შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც კილაძის მტკიცებით, მის შვილს დაკავებისას ჩაუდეს.

„შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. კადრში გამოჩნდა ამ მაღალჩინოსნის მანქანა, მისი სამსახურეობრივი მანქანაა ეს და ვინ არის ამ ავტომობილის მფლობელი? ეს არის რამაზ თარაშვილი. ეს არის შსს-ს მაღალჩინოსანი, მთავარი სამმართველოს უფროსი ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით. მინისტრის მოადგილის რანგი აქვს ლამის. ის იმყოფებოდა დაკავების ადგილას. მე როგორც ვიცი, რამაზ თარაშვილი არის დაკითხული.

"ეს არის ადამიანი, რომელიც არის გოგაშვილის რეკომენდირებული ამ თანამდებობაზე. არავინ იცის რა წარსული აქვს, არ არსებობს მისი დეკლარაცია და ის არის უშუალოდ გოგაშვილის დავალებების შემსრულებელი,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

საქმის მასალების მიხედვით, დავით ხარშილაძის დაკავებაში მონაწილეობა სამმა სამართალდამცველმა მიიღო.

ელისო კილაძემ დღეს ასევე ისაუბრა დავით ხარშილაძის საკნიდან გაყვანის დეტალებზე. ჟურნალისტი ამბობს, რომ გუშინ საღამოს მისი შვილი გაიყვანეს გლდანის მერვე დაწესებულებიდან, მიიყვანეს სასამართლოში და სასამართლომ ისე დაიწყო მისი საქმის განხილვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ მის ადვოკატებს.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა, ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო მოხმარების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

დღის ამბები