სოფელ ჯოყოლოში წმინდა გიორგი ეკლესიის ნანგრევების ადგილის განახლებისთვის დაწყებული მშენებლობა დაუდგენელმა პირებმა აღდგომის ღამეს მოანგრიეს. სოფელ ჯოყოლოს მცხოვრები სულხან ბორძიკაშვილის თქმით, აქ ძველი რწმენა-წარმოდგენების შესაბამისი ნიში იყო და მხოლოდ მისი განახლება იგეგმებოდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტის, ელდარ ჭიჭიაშვილის, თქმით, ნანგრევებზე ეკლესიის აშენებას ცისკარიშვილების ოჯახი გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მშენებლობა აღდგომისთვის შეაჩერეს, შემდეგ მისულებს კი კედლები ჩამონგრეული დახვდათ.
ელდარ ჭიჭიაშვილი მომხდარს პროვოკაციად თვლის და ფაქტის გამოძიებას ითხოვს. გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას პანკისის ხეობის უხუცესიც ემხრობა. ნგრევის ფაქტი ჯოყოლოს სხვა მცხოვრებლებისთვისაც მიუღებელია.
პროვოკაციების განმხორციელებელი ჯგუფების არსებობას პანკისის ხეობაში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არ გამორიცხავს.
ავტორი: ია გულიაშვილი