18 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
თბილისის პროკურატურასთან ირაკლი ჩხვირკვიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისის პროკურატურასთან ირაკლი ჩხვირკვიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. მისი მხარდაჭერები აპროტესტებენ ჩხვირკვიას დაკავებას და ამბობენ, რომ ის თბილისში იმყოფებოდა მაშინ, როდესაც ბათუმში მოვლენები დაიწყო.

საქმე ეხება 11-12 მარტს, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც აქცია მასობრივ არეულობებში გადაიზარდა.

მათი თქმით, ირაკლი ჩხვირკვია ბათუმში გვიან ღამით წავიდა და ადგილზე მხოლოდ დილის 5 საათზე იყო. შესაბამისად, მათი თქმით, ის ვერ იქნებოდა აქციის ორგანიზატორი.

პროკურატურასთან აქციაზე იმყოფება ირაკლი ჩხვირკვიას დედაც.

"აბრალებენ ჩემ შვილს ორგანიზებას, როცა ჩემი შვილი არაფერ შუაში არ არის. ის იყო თბილისში იმ დროს. ის წავიდა აქედან, როდესაც იქ უკვე პირველი დარბევა მომხდარი იყო. ჩავიდა დილის 5 საათზე, როცა იქ უკვე ყველაფერი იწვოდა. ვერ გავიგე, რის ორგანიზებას აბრალებენ ჩემს შვილს. მთელმა საქართველომ არ იცის ჩემი შვილი ვინ არის? იმის გულისთვის, რომ პატრიოტი იყო? იმის გულისთვის, რომ სამართლიანობისთვის იბრძოდა, საქართველოს დამოუკიდებლობა რომ უნდოდა? ამისთვის ხომ?“ - განაცხადა ცისანა როსტომაიამ.

აქციაზე იმყოფებოდა პარტია რეფორმატორების თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი.

„მე ველოდებოდი ორი თვის განმავლობაში, რომ რეალურ დამნაშავეებს და ორგანიზატორებს გამოავლენდნენ და ირაკლი ჩხვირკვია რომ ამის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ვერ იქნებოდა, მემგონი ამაზე შეკითხვები საზოგადოებას არ გაგვაჩნია,“ - განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ირაკლი ჩხვირკვიას დაკავებას, მისი განსხვავებული აზრის გამო დევნას უკავშირებს.

 „ადამიანი, რომელმაც თბილისში მოისმინა ტელევიზიების საშუალებით მოისმინა რაც ხდებოდა ბათუმში, წავიდა სამარშუტო ტაქსით ბათუმამდე, დილის 5 საათზე იქ ერთი კომენტარი გააკეთა და ამის გამო მას ედავებიან, რომ ის არის თითქოს ორგანიზატორი,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია წინასწარი დაკავების იზოლატორშია არიან მოთავსებულები. სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო პროცესი.

ირაკლი ჩხვირკვია და მერაბ ღოღობერიძე დაკავებულები არიან 225 მუხლით, რაც მასობრივ არეულობას და 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ღოღობერიძის ადვოკატის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები