18 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის ბრალდებული მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა მის დაცვაზე უარი განაცხადა

ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის ბრალდებული მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა მის დაცვაზე უარი განაცხადა.

როგორც ზაზა პაპიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, საქმეში კიდევ ერთი ადვოკატი, პაატა შავაძე ჩაერთო, რაც მისი მხრიდან ღოღობერიძის დაცვაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

პაპიძის განმარტებით, ადვოკატებს შორის დაცვის ტაქტიკასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვა და საბოლოოდ მან აცილების დაყენების გადაწყვეტილება მიიღო. ღოღობერიძის უკვე ყოფილი ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს.

ზაზა პაპიძე აცხადებს, რომ ბრალდებულ ღოღობერიძეს უკვე აცნობეს მისი გადაწყვეტილების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ ღოღობერიძე და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი ირაკლი ჩხირკვია ბათუმში გუშინ დააკავეს. მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა ან მათზე თავდასხმა.

დღის ამბები